პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
2019 წელს ეს აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა იქნება. პირველ არხს ზურაბ აბაშიძე ესაუბრა იმ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრებენ:
„შეხვედრა ითვალისწინებს ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. ასევე, აუცილებლად შევეხებით 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ. ასევე, ვისაუბრებთ იმ ვითარებაზეც, რომელიც ოკუპირებულ რეგიონშია, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. სულ უფრო რთული ხდება ადამიანების მოძრაობა საოკუპაციო ხაზზე, შეზღუდვები სულ უფრო მკაცრდება. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები შიგნით – ყველაფერი, რაც ხდება, სამწუხაროდ, უკეთესობის იმედს ვერ იძლევა. ამაზე აუცილებლად მექნება საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, ყოველთვის ვამახვილებდი და დღესაც გავამახვილებ ამაზე ყურადღებას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრის ფორმატი უფრო კონკრეტულ საკითხებზეა ფოკუსირებული.
„სავაჭრო ურთიერთობებზე მინდა შეგახსენოთ – როდესაც დიალოგი დავიწყეთ, ძალიან არასახარბიელო სიტუაცია იყო. რუსეთიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით იმპორტი, საქართველოდან ექსპორტი კი ნული იყო. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ რაღაც პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, 2013 წლიდან რუსეთში გატანილია მილიარდ ექვსას მილიონზე მეტი დოლარის ქართული პროდუქცია. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. შარშან იყო გარკვეული ზრდა სავაჭრო ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, ტურიზმი ჩვენთან ზოგადად, კარგად ვითარდება და შარშან მილიონნახევრამდე რუსი ტურისტი იყო საქართველოში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს არა მარტო ტურისტული სექტორის განვითარებას, არამედ ზოგადად, ეკონომიკას. სავაჭრო ურთიერთობებში, სატრანსპორტო კავშირებში, ბევრი ქართული კომპანიაა ჩართული და მათი ინტერესებია დასაცავი“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.