აბაშაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
აბაშაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

აბაშაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

ადმინისტრაციული შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან და აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გახსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სპეციალურად სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. ამ დრომდე, აბაშის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.