აბაშაში მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები რიონზე სამძებრო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ
აბაშაში მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები რიონზე სამძებრო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ

აბაშაში მოკლული ი.კ- ს ოჯახის წევრები მდინარე რიონზე სამძებრო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ. როგორც პირველ არხს ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რიონში სამძებრო სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგანაც მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

მანამდე ი.კ- ს, რომელიც 31 დეკემბერს გაუჩინარდა, სამართალდამცველები, მაშველები და ახლობლები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ.

ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მათი შვილის მეგობარი იყო. ისინი მკვლელობას რამდენიმე თვის წინ მეგობრებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ.

28 წლის ი.კ აბაშის რაიონის სოფელ კეთილარის მკვიდრი იყო. მას 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-მ საქმეზე ორი პირი დააკავა. ორივე აბაშის რაიონის მაცხოვრებელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.