აბას არაღჩიმ ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე ინფორმაცია „სრულიად უსაფუძვლოა“ და ირანი კეთილმეზობლობის პრინციპის დაცვის ერთგულია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას „უსაფუძვლოს“ უწოდებს.
არაღჩიმ თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან ტელეფონით საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაცია „სრულიად უსაფუძვლოა“ და აღნიშნა, რომ ეს არის „ცრუ დროშის ოპერაციები“.
არაღჩის თქმით, ირანი ერთგულია კეთილმეზობლობის პრინციპის დაცვის, თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და მზადაა ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობისთვის ნებისმიერი შესაძლო პრეტენზიის გამოსაძიებლად.
როგორც „სიენენი“ წერს, ნატო-ს წევრმა თურქეთმა ოთხჯერ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ მეზობელი ირანიდან გაშვებული რაკეტები თავის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.
30 მარტს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატო-ს თავდაცვითმა აქტივებმა ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.