აბას არაღჩი გაერო-ს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები
ირანი გაერო-ს მოუწოდებს, გამოიძიოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. როგორც თეირანში აღნიშნავენ, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის წერილში, რომელიც გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესა და გაერო-ს წევრ ქვეყნებს გაუგზავნა.
წერილში არაღჩი გაერო-ს სთხოვს, შეისწავლოს, როგორ მოქმედებს ამერიკული ზომები საკვებზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვაზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ჰუმანიტარულ დახმარების ხელმისაწვდომობაზე.
ამასთან, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მთავრობებს მოუწოდებს, არ აღიარონ და არ განახორციელონ სანქციები, რომლებიც, მათი შეფასებით, მიზნად ისახავს ქვეყნების იძულებას, შეცვალონ თეირანთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.
არაღჩი ასევე მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მესამე ქვეყნებსა და კომპანიებზე ზეწოლა, რაც ირანთან ეკონომიკური კავშირების შემცირებისკენაა მიმართული.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის მიმართ სანქციების ახალი კამპანია დაიწყო, რომელიც ავიაციას, საზღვაო გადაზიდვებს, ტექნოლოგიებს, ოქროსა და ციფრულ აქტივებს, მათ შორის, კრიპტოვალუტას ეხება.