აბას არაღჩი - აშშ-თან მოლაპარაკების მეორე რაუნდის თარიღი არ არსებობს, თუმცა ორივე მხარე მიიჩნევს, ის რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს, მზად ვართ, სამართლიანი და ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად
აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ირანი რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს, რაც მთელ რეგიონს ჩაითრევს ომში, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
არაღჩის თქმით, ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
„ამჟამად მოლაპარაკების მეორე რაუნდის თარიღი არ არსებობს, თუმცა ორივე მხარე მიიჩნევს, რომ მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთოთ მოლაპარაკებებში სამართლიანი და ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ჩემი აზრით, მომდენო რაუნდს უახლოეს დღეებში ვიხილავთ. მოლაპარაკებების ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების შინაარსი. ჩვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებაა მოლაპარაკებების არაპირდაპირი გზით წარმართვა. მოლაპარაკებები თუ კარგად წარიმართება და თუ სერიოზულობას ვიგრძნობთ მეორე მხარის განზრახვების მიმართ, შეგვიძლია, გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არაღჩიმ.
ამასთან, როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და ირანი ამისთვის მზადაა.
„ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს მზადყოფნა მიზნად ისახავს გადაწყვეტილებების პოვნას, რომლებიც თავიდან აიცილებს ომს. გუშინ ამერიკელ მომლაპარაკებლებს ვუთხარი, ჩვენთან ორი ვარიანტი გაქვთ: ომი და დიპლომატია. ჩვენი ვარიანტია დიპლომატია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ორივესთვის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ აშშ დიპლომატიას აირჩევს. აშშ ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმას თუ დაიწყებს, ჩვენ არ გვაქვს მათ ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა, ამიტომ თავს დავესხმებით ამერიკულ ბაზებს რეგიონში. ეს მთელ რეგიონს ომში ჩაითრევს. ჩვენ არ ვესხმით თავს მეზობელ ქვეყნებს, არამედ ამერიკულ ბაზებს. ამ ორს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა“, – განაცხადა არაღჩიმ.