აბას არაღჩი – აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება
აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ზომები არაფრით განსხვავდება აშშ-ის წინა ადმინისტრაციების მიერ დაწესებული სანქციებისგან. არაღჩის განცხადებით, ეს არის „განმეორებადი სცენარი“, რომელიც წარმოადგენს „იმავე სახის დაშინებასა და ძალისმიერ პოლიტიკას”, რომელსაც, მისივე თქმით, აშშ-ის პოლიტიკაში ყოველთვის ხედავდა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ფილმი, რომელსაც ისინი ისევ და ისევ აჩვენებენ. ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. ამიტომ ვიცით, როგორ უნდა გავუწიოთ მას წინააღმდეგობა”, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები სამხედრო მუქარიდან ისევ ძველი გეგმების ხელახლა ამოქმედებაზე გადავიდა, აჩვენებს იმას, რომ „ისინი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან და ირანელ ხალხთან დაკავშირებით გამოსავალი არ აქვთ“.
„ისინი კვლავ აბრუნებენ თავიანთ ძველ გეგმებს დღის წესრიგში. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ირანელ ხალხთან პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის, სამართლიანობასა და ღირსებაზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარდა სხვა გზა არ არსებობს. მათ ყველა ეს ძველი გეგმა გვერდზე უნდა გადადონ და დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც უკვე გამოცდილია: ირანელი ერი ღირსების ენას პატივისცემით უპასუხებს”, – აღნიშნა არაღჩიმ.