A BOLA „ტორპედოს“ პორტუგალიელ მცველს ესაუბრა - გამიკვირდა, ევრო 2023-ზე საქართველოსთან კარგად რომ ვერ ვითამაშეთ #1TVSPORT
A BOLA „ტორპედოს“ პორტუგალიელ მცველს ესაუბრა - გამიკვირდა, ევრო 2023-ზე საქართველოსთან კარგად რომ ვერ ვითამაშეთ #1TVSPORT

პორტუგალიური გამოცემა A BOLA ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ქართული ფეხბურთით დაინტერესდა და ეროვნულ ლიგაში, ქუთაისის „ტორპედოში“ მოთამაშე პორტუგალიელ მცველს, პედრო მონტეიროს ესაუბრა.

პედრო მონტეირო – გაუჩინარებული პორტუგალიელი საქართველოში თამაშობს

„საქართველოში პორტუგალიელი ფეხბურთელის პოვნა იშვიათია, მაგრამ შესაძლებელი – 29 წლის მცველი პედრო მონტეირო მეორე სეზონია, ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობს. ეს ქალაქი თბილისიდან დაახლოებით 250 კილომეტრითაა დაშორებული და იქ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები ტარდება.

„ქუთაისიდან თბილისამდე ჩასასვლელად თითქმის ოთხი საათი მჭირდება. ახლა მაგისტრალს აშენებენ და მაშინ ეს დრო ბევრად უფრო შემცირდება“, – ამბობს A BOLA-სთან პედრო მონტეირო.

ამის გამო 29 წლის ცენტრალურმა მცველმა თბილისში, „მიხეილ მესხზენიდერლანდებთან (1:1) გამართული ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მხარდაჭერა ვერ მოახერხა.

„ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის ვარჯიში განაახლა, რადგან საქართველოს სუპერთასზე ვთამაშობთ (მომავალ ხუთშაბათს ბათუმის „დინამოსთან“ – ავტ.). გასულ სეზონში საქართველოს თასის მოგებით კონფერენსლიგაზე გასვლა მოვახერხეთ. საქართველოში პორტუგალიაში ნათამაშები მეტი ფეხბურთელი ჩამოდის. ერთი თვის წინ „ტორპედოს“ პორტუგალიელი მწვრთნელი ნილტონ ტეროზო შემოუერთდა, რომელიც მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ასისტენტია. სტივ კინი „აკადემიკაში“ თამაშობდა და პორტუგალიურად საუბრობს, ამ ფაქტმა მასთან ურთიერთობა უფრო გამიადვილა“, – ამბობს მონტეირო.

პორტუგალიელმა მცველმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩზეც ისაუბრა. „გამიკვირდა, რომ ჩვენ კარგად ვერ ვითამაშეთ. თამაშის წინ თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ პორტუგალია 2:0 ან 3:0 მოიგებდა, მაგრამ საპირისპირო მოხდა, 0:2 წავაგეთ და ახლა ყველა ამ თემაზე მეხუმრება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა გუნდს სურს პორტუგალიის დამარცხება, რადგან ძალიან ძლიერები ვართ და მეტოქეები პატივს გვცემენ“.

რა თქმა უნდა, კვარაცხელია

მონტეირო აცხადებს, რომ საქართველოში პორტუგალიელებისადმი პატივისცემას ყოველდღიურად გრძნობს.

„საქართველოში პორტუგალიელ ხალხსა და ფეხბურთელებს დიდ პატივს სცემენ. ცხადია, ასეთი დამოკიდებულება, ძირითადად, კრიშტიანო რონალდოს გამოა. ქართველები უყურებენ პორტუგალიელებს, რომლებიც წამყვან ლიგებში თამაშობენ. იტალიის ჩემპიონატი მათ დიდ ყურადღებას იმსახურებს – მაგალითად, ბევრს საუბრობენ „მილანის“ ვარსკვლავზე, რაფაელ ლეაოზე. ქართული ფეხბურთის იმიჯი შეცვალა იმან, რომ იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ აღმოჩენა გახდა ხვიჩა კვარაცხელია. მსოფლიომ ამ ქვეყანას სხვა თვალით უნდა შეხედოს.

ესაა ადამიანის სიტყვები, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და იცის, რომ ამ ხალხის სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.