98-ე საჯარო სკოლაში, სადაც უკრაინელი ბავშვები სწავლობენ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  და განათლების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდნენ
98-ე საჯარო სკოლაში, სადაც უკრაინელი ბავშვები სწავლობენ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  და განათლების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდნენ

98-ე საჯარო სკოლაში, სადაც უკრაინელი ბავშვები სწავლობენ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი და განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ სკოლაში 17 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. ამ დროისათვის, არსებული მონაცემებით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 250 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 190 სასწავლო პროცესში უკვე ჩაერთო.

როგორც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, უკრაინის საელჩო მადლიერია, რომ უკრაინელი ბავშვები თბილად და გულითადად მიიღე ქართულ სკოლებში.

„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ქართული მხარის, ჩვენი უკრაინელი ბავშვების თბილი და გულითადი მიღებისთვის ქართულ სკოლებში. როგორც ვიხილე, უკრაინელი ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მათი ხილვა და მათთან საუბარი. ისინი არიან მათი ოჯახების თავისუფლების, სიყვარულისა და წინაპრების გამგრძელებლები, ვინ იცავდა ენას და კულტურას მრავალი საუკუნის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ უკრაინის ხელისუფლება და საელჩო საქართველოს მთავრობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, შევძლებ გავხსნათ უკრაინული კლასები და უკრაინული სკოლები“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ამასთან, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უკრაინელი ბავშვების საქართველოს სკოლებში რეგისტრაცია გამარტივებული ფორმით მიმდინარეობს.

„განსაკუთრებულად სწორედ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებდნენ სასწავლო პროცესი გაეგრძელებინათ უკრაინაში, მიიღო ჩვენმა მთავრობამ გადაწყვეტილება, რომ სრულიად გამარტივებული წესით მოხდეს ამ ბავშვების კლასში დასმა და ამ გამარტივებული წესის მიხედვით, რამდენიმე დღეა, ეს კონკრეტული ინიციატივა შევიდა ძალაში და უკვე 250 ბავშვია დარეგისტრირებული სკოლებში“, – განაცხადა მახარაშვილმა.