ირმა ინაშვილი - გერმანული მოდელის ე.წ. მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი არ არის იდეალური, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ
ირმა ინაშვილი - გერმანული მოდელის ე.წ. მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი არ არის იდეალური, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ

ჩვენ დღის წესრიგიდან არ ვხსნით 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ აღნიშნული მოთხოვნა ჰქონდა, რომელიც დღესაც ძალაშია.

„არსებობს ვარიანტები და ჩვენ ერთ-ერთი ვარიანტი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას, რომ მცირედი ცვლილება მოხდეს და გავიტანოთ ახალი სახით იგივე კანონპროექტი. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია და ვნახოთ, ეს პოლიტიკური ნება გარდატყდება თუ არა დღეს ამ შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება წარმოდგენილ ვარიანტს, გერმანულის ე.წ. მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი, ამ ეტაპზე, ეს არის კონსენსუსის საგანი. ესეც არ არის იდეალური, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და ჩვენ ამ გერმანული ვარიანტის ქართულ მოდელს მხარს ვუჭერთ. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ესეც გამოსავალია, დანარჩენს ვნახავთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, დიპლომატების მონაწილეობით, სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრა მიმდინარეობს.

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა შორისაც არიან „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გამარჯვებული საქართველო“, თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი“, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „შენების მოძრაობა“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები შეიმუშავა. პარტიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა და ეუთო-ოდირს გაუგზავნიან. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით შეიტანენ პარლამენტში.