900 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში [ფოტოები] — #1tvმეცნიერება
900 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში [ფოტოები] — #1tvმეცნიერება

რამდენიმე დღის წინ, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის სიახლოვეს ამოიფრქვა ვულკანი, რომელიც ბოლო 900 წლის განმავლობაში მიძინებული იყო. ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წითელი ლავის ნაკადები ფაგრადალსფიადლის მთიდან დაიძრა, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქიდან 40 კილომეტრში.

ლავის ნაკადების დინება წვიმამ შეანელა და ჰაერში ლურჯი აირის ჭავლები და ორთქლი ავიდა.

ამოფრქვევა საღამოს საათებში დაიწყო და თან ახლდა ელვა ცაში და ასობით პატარა მიწისძვრა. მიმდებარე ზონა დაუსახლებელია და ამოფრქვევას საზოგადოებისთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამოფრქვევის ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500-700 მეტრია. ლავით ერთ კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები ტერიტორია დაიფარა.

ამოფრქვევა კრისუვიკის ვულკანურ სისტემაზე მოხდა, რომელსაც ცენტრალური ვულკანი არ გააჩნია. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ეს სისტემა ბოლო 900 წლის განმავლობაში მიძინებული იყო, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ბოლო ამოფრქვევა თითქმის 800 წლის წინ ფიქსირდება და პროცესი 30 წელიწადს გრძელდებოდა, 1210-1240 წლებში.

27 თებერვალს რეგიონში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა; მას შემდეგ, ვულკანზე აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობდა.

მას შემდეგ დაფიქსირდა 50 000 მცირე ბიძგი, მაგმა კი დედამიწის ზედაპირიდან ერთი კილომეტრის სიღრმეში ვულკანის სიახლოვეს ბოლო დღეებში დააფიქსირეს.

გეოფიზიკოსთა განცხადებით, ამოფრქვევა შეიძლება ახალი პერიოდის დასაწყისის მაცნე იყოს, რომელიც შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს, ამოფრქვევათა 10-100-წლიანი შუალედებით.

ისლანდიაში ევროპაში ყველაზე ბევრი, 32 ამჟამად აქტიური ვულკანური სისტემა. ქვეყანაში ამოფრქვევა საშუალოდ ყოველ ხუთ წელიწადში ხდება.

კუნძული მდებარეობს არქტიკული წრისა და შუაატლანტიკური ქედის გასაყარზე, ოკეანის ფსკერზე არსებულ ნაპრალზე, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ევრაზიისა და ჩრდილოეთამერიკულ ტექტონიკურ ფილებს.

ისლანდიის ძლიერი ვულკანური აქტივობა ნაწილობრივი ამ ფილების მოძრაობით არის განპირობებული.

ბოლო ამოფრქვევა ისლანდიაში 2014 წელს, ვულკან ჰოლუჰრაუნზე მოხდა, ქვეყნის ცენტრალურ, დაუსახლებელ ნაწილში.

2010 წელს კი, ვულკან ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევის შედეგად ატმოსფეროში ავიდა კვამლისა და ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი, რის გამოც, მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.