79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს #1TVSPORT
დღეს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს.
გიორგიმ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად „დინამო არენაზე“ ფარერებთან გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი ლორია 1986 წლის 27 იანვარს თბილისში დაიბადა. 17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, რომლის მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა. ლორიამ საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში ითამაშა.
„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, 2014 წლის ივლისში კარიერა ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო. შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა. გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მახაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.
2019 წლის ზაფხულში კვიპროსის „ანორთოსისში“ გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი გუნდის პირველი მეკარე იყო. 2023 წლის ივნისში ლორია „დინამოს“ დაუბრუნდა და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი არადიპუს „ომონიაში“ გადავიდა, სადაც გუნდის კაპიტანია.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრა ითამაშა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმა 78 შეხვედრაში მოირგო – იყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.