ლია გიგაური დაჭრილი მოზარდის მდგომარეობის გასაცნობად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა
ლია გიგაური დაჭრილი მოზარდის მდგომარეობის გასაცნობად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა

საქართველოს  განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობის გასაცნობად მივიდა. მინისტრის მოადგილეს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ლია გიგაური კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი არასრულწლოვანი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმე რჩება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდება.  

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.