მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის მიზნით დღეს ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუხიანში მოსაწყობი კულტურული ცენტრის კონცეფცია უკვე შემუშავებულია.

„წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ მუხიანში არსებული მიწის ნაკვეთი, რადიოქარხნის ტერიტორია იყო ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, რომელიც შეგვიძლია, კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით ერთ-ერთ მიმზიდველ ცენტრად ვაქციოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კონცეფცია კომპანია „კოლიერსმა“ შეიმუშავა.

„აქ უნდა განთავსდეს სარეკრეაციო სივრცე. გასართობი, ახალგაზრდული სივრცე უნდა შეიქმნას და როგორც გითხარით, ეს გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი ცენტრი. დღეს ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც „კოლიერსის“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობით მომზადდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის რეალიზებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

„არაერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა ამ პროექტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, დიდი იქნება ინტერესი ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ, მაგარი პროექტი გამოვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი