მწერალთა სახლი დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
მწერალთა სახლი დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მწერალთა სახლი 2018 წელს დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნივთები საცავიდან დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გაიტანა, რის შესახებაც პოლიციას დაუყოვნებლივ ეცნობა.

„2017 წელს დავიწყეთ მზადება დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნისთვის. შესაბამისად, აღმოსავლურ ოთახში ჩატარდა სარესტავრაციო – სარეაბილიტაციო სამუშაოები კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერით. ამ წლების მანძილზე რამდენჯერმე შევიძინეთ სხვადასხვა დროს დაკარგული ჭურჭლის კომპლექტი სარაჯიშვილის მონოგრამით და დავაარსეთ სპეციალური ფონდი დავით სარაჯიშვილის სახლიდან ასევე ადრეულ წლებში გატანილი ავეჯის დასაბრუნებლად.

მუზეუმის ექსპოზიციაზე მუშაობის პროცესში, 2018 წლის ივლისში აღმოვაჩინეთ, რომ საცავიდან გატანილია ნივთები (აუდიტორული კომპანიის მიერ შეფასებული საერთო ღირებულებით 850 ლარად); აქვე განვმარტავთ, რომ მწერალთა სახლის ბალანსზე არსებული ყველა ნივთი აღრიცხული და შეფასებულია აუდიტის მიერ 2011 წელს მწერალთა სახლის გახსნისთანავე.

შექმნის დღიდან 2018 წლამდე მწერალთა სახლის შენობას იცავდა სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“, რომელმაც საფასური გააორმაგა და ჩვენი მკაცრად განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლებელი გახდა მათი მომსახურებით სარგებლობა. შენობის დაცვა გააგრძელა ტენდერში გამარჯვებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ, სწორედ ამ კომპანიის თანამშრომელმა 2018 წლის გაზაფხულზე გაიტანა ნივთები საცავიდან; 2018 წლის 25 ივლისს, ძარცვასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა პოლიციას, აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

მწერალთა სახლიდან შვიდი ნივთი, მათ შორის ლარნაკი და ზარდახშა დაიკარგა.