7000 წლის წინ, მონადირე-შემგროვებელმა ხალხმა ბარიდან თევზი წაიყვანა და ნორვეგიის მთებში მდებარე ტბაში გაავრცელა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სულ მცირე 7000 წლის წინ, მონადირე-შემგროვებლებმა ყავისფერი კალმახი (კუმჟა, Salmo trutta) ნორვეგიის მთებში გაავრცელეს, ისე, რომ ზაფხულობით, მთაში საკვების მოსაპოვებლად ხეტიალის დროს მასზე თევზაობა შეძლებოდათ.
ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევრის, აქსელ მიერუმის განცხადებით, სწორედ ესაა ერთადერთი შესაძლო ახსნა იმისა, თუ როგორ მოხვდა ეს თევზი მთის იმ იზოლირებულ ტბებში, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში იყო დაფარული კილომეტრობით სისქის ყინულით.
„ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე ძველი დოკუმენტირებული მაგალითი ადამიანის მიერ თევზის ტრანსლოკაციისა“, — ამბობს მიერუმი.
დაახლოებით 8400 წლის წინ, ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტბა ტესე გალღვა და სუფთა ეკოლოგიური ადგილიც გაჩნდა — იქამდე ის ფენოსკანდინავიური ყინულის საფარით იყო დაფარული.
იქამდე, ვიდრე 1940-იან წლებში ტესეს ტბაზე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებდნენ, ის ნორვეგიაში ყავისფერი კალმახით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადგილად მიიჩნეოდა; იჭერდნენ წელიწადში 9 ტონა თევზს.
მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არსებობდა ეჭვი, რომ ტესეს ტბაში ყავისფერი კალმახის მოხვედრაში ადამიანის ხელი ერია, წარმოდგენა არ გვქონდა, როდის შეიძლება ეს მომხდარიყო.
ალტერნატიულ მოსაზრებებს შორის იყო მათი ტრანსპორტირება ფრინველების მიერ ან თევზისა და ქვირითის მიგრაცია აღმა მიმართულებით. თუმცა, ნორვეგიის მთის ტბების უმეტესობაში, მათ შორის ტესეს ტბაში, ბოლო დრომდე მხოლოდ ყავისფერი კალმახი იყო. გეოგრაფიული მახასიათებლები, მათ შორის დიდი ჩანჩქერები, შეუძლებელს ხდის თევზის ბუნებრივ გაფანტვას აღმა მიმართულებით.
მიერუმმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს თევზის დასაჭერი ხის დახვეწილი ხაფანგების ნაშთები, რომლებიც 2022 წელს, ტბის დონის დაწევისას აღმოაჩინეს ნაწილობრივ ჩამარხულ მდგომარეობაში.

რადიონახშირბადულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ ყველაზე ძველი ხაფანგი დაახლოებით ძვ. წ. 4950 წლით თარიღდება. მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი მერქანი შეადარეს ცენტრალური სკანდინავიის მთების ფიჭვის ხის რგოლების ქრონოლოგიას, ჯგუფმა ასევე შეძლო უფრო ახალ ხაფანგებში გამოყენებული ზოგიერთი ბოძის ზუსტი დათარიღება.
ერთ-ერთი ეკუთვნოდა ხეს, რომელიც ძვ. წ. 2669 წლის გაზაფხულსა და ძვ. წ. 2669-2668 წლების ზამთარს შორისაა მოჭრილი, მეორე კი 12 წლის შემდეგ, ძვ. წ. 2657-2656 წლების ზამთარში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხაფანგებს ინახავდნენ და უვლიდნენ, რათა გამართულად ემუშავათ.
„გამომდინარე აქედან, შესაძლებელია, რომ სათევზაო ხაფანგის ეს ფორმა ტესეს ტბაზე აქტიურად გამოიყენებოდა ძვ. წ. 5000 – 2650 წლებს შორის პერიოდში“, — ამბობს მიერუმი.

ტბაში თევზის გადაყვანა და გავრცელება წარმოადგენს ადრეულ მაგალითს იმისა, როგორ მართავდნენ ადამიანები გარემოს საკვებით უზრუნველყოფის მიზნით, იქამდე საუკუნეებით ადრე, ვიდრე სკანდინავიაში სოფლის მეურნეობა გამოჩნდებოდა. არსებობს მტკიცებულებები, რომ თევზის მოშენება კიდევ უფრო ადრე დაიწყო მსოფლიოს სხვა ნაწილებში; მათ შორისაა არხები და გველთევზების დასაჭერი ხაფანგები ავსტრალიაში 8600 წლის წინ.
უცნობია, როგორ გადაიყვანეს ადამიანებმა თევზები, მაგრამ ამისათვის შეიძლება გამოიყენეს წყლის ტიკები. ადამიანები მთაში ალბათ ზაფხულობით რჩებოდნენ, ნადირობდნენ ირმებზე და თევზაობდნენ, ზამთარს კი ხეობებში ან სანაპიროს გასწვრივ ატარებდნენ, სადაც კლიმატი შედარებით თბილი იყო.
„საკვების კარგმა და პროგნიზირებულმა მომარაგებამ შესაძლებელი გახადა მთაში უფრო დიდხანს დარჩენა, არა მხოლოდ მონადირეებისთვის, არამედ მთელი ოჯახური ჯგუფებისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარი აქსელ მიერუმი.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.