70 მილიონი ევროს სანაცვლოდ რასმუს ჰოილუნი „ატალანტადან“ კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს #1TVSPORT
სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ატალანტას“ 20 წლის დანიელი თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიური კლუბი 70 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ჰოილუნი ინგლისური ფეხბურთის გრანდთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს. ასევე, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ავტომატურად 2029 წლამდე გაგრძელება.
კლუბები ოფიციალურ დოკუმენტებს უახლოესი 24 საათის განმავლობაში გაცვლიან და დანიელი ფეხბურთელი ამის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
რასმუს ჰოილუნმა კარიერა „ბრონდბიუს“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი „კოპენჰაგენს“ შეუერთდა. 2022 წლის იანვარში ის გრაცის „შტურმში“ გადავიდა, ხოლო ექვს თვეში 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ატალანტას“ შეუერთდა, სადაც 2022/23 წლის სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
ჰოილუნი დანიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. ეროვნული გუნდის რიგებში გამართულ ექვს მატჩში მას ექვსი გოლი აქვს გატანილი.