7 ნოემბრის საქმეზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი დაიკითხა
7 ნოემბრის საქმეზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი დაიკითხა

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდების მოწმე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვიტალი ელიგულაშვილი დაიკითხა.

სასამართლო სხდომაზე მოწმემ განაცხადა, რომ ქარხნის დირექტორად მუშაობა 2007 წლიდან დაიწყო. მოწმის თქმით, მითითებებს მას ჯოზეფ ქეი აძლევდა, რომლის დავალებითაც 2008 წელს ერთ-ერთ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი.

„ჯოზეფ ქეი როგორც სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი გამეცნო. მე ვიცნობდი ბადრი პატარკაციშვილსაც. ვიცნობდი 2000 წლიდან, მეგობარმა, ტარიელ შაულაშვილმა გამაცნო. იგივე პიროვნებამ, რომელმაც ჯოზეფ ქეი გამაცნო. “თეიმსთი იუქეიფ ლიმითედიდან” ვიღებდით დაფინანსებას და ამ კომპანიას ჯოზეფ ქეი მართავდა.

საქმიანობა რუსთავის ქარხანაში 2007 წელს დავიწყე. ჩემი მოვალეობა იყო ქარხნის განვითარება, პროდუქციის გამოშვება.

ჯოზეფ ქეისგან ვიღებდი დავალებებს. 2008 წელს მან დამირეკა და მითხრა, რომ ხელშეკრულებაზე უნდა მომეწერა ხელი. მიზანს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ჯოზეფ ქეის მითითება იყო. ის მირეკავდა და მეუბნებოდა, რა იყო გასაკეთებელი. ხელი მოვაწერე უშუალოდ რუსთავში, ქარხნის ტერიტორიაზე. დეტალები ჩემთვის ცნობილი იყო”,-განაცხადა მოწმემ.

7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და ბადრი პატარკაციშვილის წილების გასხვისების საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი.