სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრი - საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბრეშუმის გზის აღორძინებაში
სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრი - საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბრეშუმის გზის აღორძინებაში

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სლოვენიის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი და სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრი პიტერ გაშპერშიჩი.

პიტერ გაშპერჩიჩის განცხადებით ფორუმში მონაწილეობით სლოვენია ადასტურებს საკუთარ ინტერესს იყოს ახალი აბრეშუმის გზის ნაწილი. სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს როლის ევროპა-აზიის დამაკავშირებელი გზის განვითარებასა და ზოგადად აბრეშუმის გზის იდეის აღორძინებაში.

„მეორედ ვმონაწილეობ ამ მნიშვნელოვან ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი აბრეშუმის გზის აღორძინებისა და შექმნისთვის და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის. საქართველო ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ასევე სლოვენია, რომელსაც მე წარმოვადგენ, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი. სლოვენია გახლავთ ევროპაში შესასვლელი მნიშვნელოვანი წერტილი ამიტომაც ვმონაწილეობთ ამ ფორუმში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ სლოვენიის ინტერესი ვიყოთ ახალი აბრეშუმის გზის ნაწილი“, – განაცხადა სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში ორ დღეს გასტანს. მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ესწრება.