ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა
ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა.

„ოთხი გარდაცვლილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი, 10 მოქალაქე ინტოქსიკაციით და სხვადასხვა სახის დაზიანებით ბათუმის კლინიკებშია გადანაწილებული. მათი დიდი ნაწილი არის ინტოქსიკაციით გადაყვანილი, ორი მოქალაქე კი, ხანძრიდან თავის დაღწევის დროს დაშავდა. ამ ეტაპზე, საავადმყოფოებში შემოყვანილთაგან არავის აქვს დამწვრობა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება.

დაშავებულებს შორის არიან როგორც, საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეები. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი იდენტიფიცირება ამ დროისთვის არ არის შესაძლებელი, რადგან მათ არ ქონდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.  ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.  სასტუმროში სამ პირთან კავშირი ვერ მყარდებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ​სპაცენტრში, სადაც დაახლოებით, ორი საათის წინ ხანძარი გაჩნდა, 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სამმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მოგვიანებით კი, მათთან კავშირი გაწყდა.

ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

სპაცენტრში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, „მის საქართველოს“ კონკურსანტებიც იმყოფებოდნენ.