6 ნოემბერს ცესკო თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს რეგისტრაციაში გაატარებს

6 ნოემბერს ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და მათ შესაბამის მოწმობებს გადასცემს.

6 ნოემბერს იწურება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა რეგისტრაციაში გატარებისა და მათთვის შესაბამისი მოწმობების გადაცემის ვადაც. საკრებულოს წევრებს რეგისტრაციაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს. აღნიშნული საკითხი საარჩევნო კოდექსის მიხედვით არის დარეგულირებული.

კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის/თემის ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.