6-9 ივლისს მე-11 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება
6-9 ივლისს მე-11 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება

6-9 ივლისს, მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით, რიგით მე-11 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება.

მწერალთა სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმ-დიალოგის მიზანი, ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაა, რაც, საერთაშორისო მასშტაბით, ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდას, მათი ნაწარმოებების საავტორო უფლებების გაყიდვას, მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობასა და, ამ გზით, ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, წელს, თბილისს საფრანგეთიდან და იტალიიდან შვიდი გამომცემელი, საავტორო უფლებების მენეჯერი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა: Joachim Schnerf (Grasset Editions), David Gressot (Actes Sud), Patrizia Chendi (Marsilio Editori), Camille Dumat (Belfond Editions), Dorothy Aubert (Belleville Editions), Yves Torres (éditions du typhon) და Sophie Langlais (BAM Agency).

სტუმრებისთვის დაგეგმილია სპეციალური პროგრამა: შეხვედრები ქართველ ავტორებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში, კულტურული ტური ძველ თბილისში და სხვა.

„2011-2020 წლებში, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნიდან, საგამომცემლო სფეროს 150-ზე მეტი პროფესიონალი გვეწვია, რის შედეგადაც, უცხოურ გამომცემლებზე, არაერთი საავტორო უფლება გაიყიდა. მე-11 ფორუმ-დიალოგის პარტნიორია ფრანგული ინსტიტუტი.  „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.