6-19 აგვისტოს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე, კამპუსები მოეწყობა
6-19 აგვისტოს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე, კამპუსები მოეწყობა

6-19 აგვისტოს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე, კამპუსები მოეწყობა.

კამპუსებში მონაწილეობას მიიღებს, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეული, თბილისის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლების 80 სტუდენტი, სალექციო კურსს კი ცნობილი მწერლები და რეჟისორები წაიკითხავენ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობაში წიგნიერების, განსაკუთრებით კი, ქართული მწერლობის პოპულარიზაცაა.

„ვფიქრობთ, კამპუსები ამისთვის ოპტიმალური შესაძლებლობაა. შერჩეული სტუდენტები, თითო კვირას, საუკეთესო ტუტორების გარემოცვაში გაატარებენ, გაიგებენ უამრავ სიახლეს და, გარკვეულწილად, ამ პროცესების მონაწილეც გახდებიან“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

კამპუსის მონაწილეებისთვის, დღეში ორ-ორი ლექცია გაიმართება.ლიტერატურისა და კინოს შესახებ მათ ესაუბრებიან მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ეკო დეისაძე, ტორესა მოსი, რეჟისორები უტა ბერია, პაატა ციკოლია და კინომცოდნე, ნენო ქავთარაძე.

საუბრების სპექტრი ვრცელია და მოიცავს, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ხელოვნებასაც. ყველა შეხვედრა დინამიკური იქნება და სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ განხილვაში ჩაერთონ, არამედ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი აზრი, დასვან კითხვები და, ამ გზით, მეტი გაიგონ ამ სფეროებში მიმდინარე პროცესებისა თუ საზოგადოებისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ.

გარდა ამისა, უკეთესად გაიცნობენ თანამედროვე ავტორებსა და რეჟისორებს და, მათთან ერთად, ქართულ ლიტერატურასა და კინოს. დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას კი, განივითარებენ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარებს, ნახავენ ფილმებს და ჩაერთვებიან მათ განხილვაში; შეიძენენ ახალ ინტერესებს და მეგობრებს. კამპუსები მოეწყობა თელავში. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კინოფესტივალი „თაობა“.