20-წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა
20-წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ხორვატიის, რუმინეთისა უკრაინის ნაკრებებს შეხვდება.

მატჩები 2018 წლის 23-დან 25 მარტის ჩათვლით უკრაინაში გაიმართება. კენჭისყრა დღეს ვენაში ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართა. ჯგუფიდან 2 გუნდი ფინალურ ტურნირზე გადის, რომლის შეხვედრებს 2018 წლის 1-დან 15 ივლისის ჩათვლით უნგრეთი უმასპინძლებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ 4 გუნდი დაუშვეს: მასპინძელი უნგრეთი, 19-წლამდელთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი, მეორე პრიზიორი რუსეთი და მესამე პრიზიორი დანია. დანარჩენი 26 ქვეყანა კვალიფიკაციაში ჩაერთვება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ამ თაობისთვის ეს ბოლო ასაკობრივი ტურნირია. 1998-99 წლებში დაბადებულმა გოგონებმა ოფიციალურ ასაკობრივ ჩემპიონატებში ასპარეზობა 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ერთი შეჯიბრებაც არ გამოუტოვებიათ. ამ შეჯიბრების შემდეგ, 2018 წლის შემოდგომაზე, ეს გუნდი, უკვე ეროვნული ნაკრების სტატუსით, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე გამოვა.

რაც შეეხება მომავალ მეტოქეებს, ამ თაობის ნაკრებს ხორვატ და უკრაინელ თანატოლებთან არ უთამაშია, რუმინეთთან კი თბილისში, 2015 წელს, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე შედეგით 24-32 დამარცხდა.