54-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხონში 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 41,63%
ხონში, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 613-მა ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41,63%-ია. ამის შესახებ პირველ არხს 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც გორდაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა.
ხონში, არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:
2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.