51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს ნახა
51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს ნახა

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ყენიამ დეტალურად ისაუბრა, რა ნახა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ადგილზე.

მისი თქმით, დაახლოებით 14:11 საათზე დაურეკა ერთ-ერთმა მასწავლებელმა და მომხდარის შესახებ აცნობა.

„მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, დავიღუპეთ, ბავშვები დაგვიხოცესო. ისეთი დაბნეული ვიყავი, გარეთ რომ გამოვვარდი, ყაზბეგის ქუჩისკენ გავიქეცი, თან ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. ქუჩაზე ასვლის პროცესში გზა გადამიჭრა დ.ღ-მ სირბილით, რომელსაც ვხედავ, რომ სახეზე აქვს სისხლი, ოღონდ გარბის ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს კარგად არის, შეუძლია სიარული, ამიტომ არ გავეკიდე დ.ღ-ს.

შემდეგ შევუხვიე ხორავას ქუჩაზე, გადაკეტილი იყო მთელი ქუჩა, ბევრი ხალხი იდგა. პირველი ვინც დამეტაკა იყო ა.ბ, ჩამავლო ხელი მოსაცმელში და მითხრა, რომ არ დამტოვოთ, თქვენთან ერთად ვიქნები, მე ვნახე რაღაც. ჩქარა წამოდით, იმიტომ რომ ლევანი წევს იქ. ორ ნაბიჯში მხვდება ორი პედაგოგი, ერთი რომელმაც დამირეკა – ჯიაძე და ღუღუნიშვილი, ვხედავ ასევე ჩვენს მოსწავლეს გ.ჯ-ს“, – განაცხადა თინათინ ყენიამ. 

როგორც მან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, სადარბაზოსთან დაინახა ლევან დადუნაშვილი, რომელიც ერთ-ერთ მოსწავლეს მხრებით ეჭირა.

„მივედი ლევანთან, მოვკიდე ხელი ორივე მხარში. რომ შევეხე, ცუდად გადაწია თავი. ა.ბ-მ, რომელიც არ მომცილებია, მითხრა, რომ დათოსაც უჭირსო, წამოდი ჩქარაო. სად არის დათო-მეთქი, იქნებ ვინმეს მანქანაში ჩავსვათ-თქო, ვამბობდი. სასწრაფო და პოლიცია არ იყო მაშინ იქ მისული, არ მახსოვს, მერე მოვიდნენ. მერე შევედით არკაში და ვხედავ დათოს, რომელიც წევს იქ.

ვიღაც კაცი იყო, ვთხოვე, გაიწიე-მეთქი და ბავშვს თავზე დავადექი, თვალები ღია ჰქონდა, ვუყვიროდი, დათო ხომ მხედავ მეთქი, მივმართავდი დედიკოთი, ასე მყავდა ეს ბავშვი კალთაზე გამოკერებული, დედა ემიგრაციაში იყო. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იმ ბავშვების მიმართ, რომელთა მშობლები ემიგრაციაში არიან, მე ვიცი, ეს რას ნიშნავს. დათო შვილივით მყავდა. თვალები არ დახუჭო, არ დაგტოვებ, ექიმი მოვა და დაგეხმარება-მეთქი.

მერე გამოვიქეცი ლევანთან. რომ გამოვდიოდი არკიდან, სასწრაფო იყო მოსული და ლევანს ეხმარებოდნენ.

მერე მეორე მანქანა მოვიდა და ექიმებს მივეცით პროცედურების გაკეთების საშუალება.

როგორც კი ორივე ბავშვი გავამგზავრეთ, პოლიციის თანამშრომელი დავინახე იქ, მოვიდა ჩემთან, მე ვთხოვე, რომ წამოგყვებით მეთქი. ა.ბ ჩემთან ერთად იყო და ავედით პოლიციაში“, – განაცხადა თინათინ ყენიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ.