51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე - სკოლის საპირფარეშოს ინციდენტის შესახებ პოლიციაში გამოკითხვის დროს გავიგე, მანამდე მანდატურს არაფერი უთქვამს
51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე - სკოლის საპირფარეშოს ინციდენტის შესახებ პოლიციაში გამოკითხვის დროს გავიგე, მანამდე მანდატურს არაფერი უთქვამს

სკოლის საპირფარეშოს ინციდენტზე პოლიციაში ჩემი გამოკითხვის დროს გავიგე, მითხრეს, რომ იყო ასეთი შემთხვევა, – ამის შესახებ 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

დეპუტატმა ზურაბიშვილმა თინათინ ყენიას ჰკითხა, მიაწოდა თუ არა სკოლის მანდატურმა მას ინფორმაცია, რომ სკოლის საპირფარეშოში მოსწავლეებს შორის მოხდა კონფლიქტი.

ყენიას თქმით, მანდატურს მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს.

სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, მოგვიანებით თუ ჰკითხა თინათინ ყენიამ მანდატურებს საპირფარეშოში მომხდარის შესახებ, რაზეც 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაიგო, რომ მანდატური შეესწრო მოსწავლეებს შორის საპირფარეშოში მომხდარ კონფლიქტს.

„პირველად გავიგე ახლა აქ, კომისიის სხდომაზე, რომ მანდატურმაც იცოდა ეს ამბავი. ხორავას ქუჩაზე მომხდარის შემდეგ, მე ვესაუბრე ორ მანდატურს, თემურ ზადიშვილსა და გიორგი მელიქიძეს, რომლებიც იმ დღეს მუშაობდნენ, თუმცა არც ერთს არ უთქვამს, რომ საპირფარეშოში რაიმე მოხდა“, – განაცხადა თინათინ ყენიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ.