51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე საგამოძიებო კომისიის მხრიდან სკოლაში უსაფრთხოების კუთხით კითხვის ნიშნების არსებობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს
51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე საგამოძიებო კომისიის მხრიდან სკოლაში უსაფრთხოების კუთხით კითხვის ნიშნების არსებობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომელიც 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებში უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლების სტატისტიკას ეხება, 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე პასუხობს.

თინათინ ყენია 2017 წლის პირველ დეკემბერს, როდესაც არასრულწლოვნების მკვლელობა მოხდა დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. როგორც ის პირველ არხთან საუბარში აცხადებს, იმ დღეს სკოლაში საეჭვო არაფერი შეუმჩნევია და მის მიმართ კომისიის მხრიდან კითხვის ნიშნების არსებობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ყენია ადასტურებს, რომ სკოლის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე სხვა სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მისივე განმარტებით, მათ 51-ე სკოლელებთან, რომლებიც სკოლის წინ იდგნენ, კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„საეჭვო იმ დღეს არაფერი ხდებოდა სკოლაში. ბავშვებს აუცილებლად დავინახავდი 14:00 საათზე, რადგან 15 წუთით ადრე დამთავრდა პირველი ცვლა და დასრულდა გაკვეთილები. სკოლის ტერიტორიაზე 35 კი არა, უფრო მეტი ბავშვი იყო. ბავშვები, რომლებიც არ იყვნენ ჩემი სკოლის მოსწავლეები, იდგნენ სავალ ნაწილზე, სკოლის აივნიდან რამდენადაც შემეძლო რომ გამერჩია, საეჭვო იქ არაფერი დამინახავს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ეს ბავშვები იდგნენ იქ და არ ეკონტაქტებოდნენ ჩვენს მოსწავლეებს, მაინც ჩავაყენე მანდატური საქმის კურსში, რომ უცხო ბიჭები არიან და ნახეთ, ხომ არ არიან ჩვენი ბავშვებიც იქ მეთქი”,- განაცხადა თინათინ ყენიამ.

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ემიჯნება საპარლამენტო კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ კონფლიქტში მონაწილე ამავე სკოლის მოსწავლეები ბულინგში იყვნენ შემჩნეულები და შესაბამისად, მანდატურისა და დირექციისთვის მათი თავშეყრა სკოლის წინ საყურადღებო უნდა ყოფილიყო.

„აბსოლუტურად ვემიჯნები კომისიის ამ მოსაზრებას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიღაც დაეჩაგრათ, სკოლას არ ჰქონია. რომ ჰქონოდა, შესაბამის ზომებს მივიღებდით. მანდატურებთან ყოველთვის აქტიურად ვთანამშრომლობდით. ვერ გეტყვით, რომ მანდატურმა რაიმე ვერ გააკეთა”,- აცხადებს თინათინ ყენია.

დირექტორის მოადგილემ საგამოძიებო კომისიის იმ ბრალდებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, სახეზეა სისტემური ხასიათის დარღვევა 51-ე სკოლაში. თინათინ ყენია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

„ვერ დავეთანხმები, რომ სისტემურად ხდება და ხდებოდა დარღვევები. თუ რამე დაფიქსირებული ყოფილა, ყოველთვის აღნიშნულა მანდატურის მიერ ე.წ. ოქმით დაფიქსირებულა, მშობელიც ყოველთვის საქმის კურსში ყოფილა”,- აღნიშნა თინათინ ყენიამ.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებში უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლების სტატისტიკა წარადგინა. კომისიის წევრების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, სკოლებში ამ კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია.