თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან ცოტა ხნის წინ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორიაზე რამდენიმე ფოტო გადაიღეს. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.
პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.