მარადონა 60 წლისაა - 50 საუკეთესო ფეხბურთელი დიეგოს თვალით (ვიდეო)

დიეგო არმანდო მარადონა 30 ოქტომბერს 60 წლისა შესრულდა. 80-90-იანი წლების ფეხბურთში მან ისეთი კვალი დატოვა, გულსემატკივრების ნაწილი პელეზე წინ აყენებს და ფეხბურთის მეფედ თვლის. ხოლო, ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის სტასტუსის მისაღებად არა პელესთან, არამედ მარადონასთან უწევს კონკურენცია – მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს არგენტინის ნაკრებთან ერთად და დიეგოზე მაღლა ავა…

თავად მარადონა ვინ მიიჩნევს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად? ამ შეკითხვაზე პასუხს მისი ავტობიოგრაფიდან მივიღებთ, რომლის ნაწყვეტსაც ქვემოთ გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ ავტობიოგრაფიული წიგნი 2004 წელს გამოვიდა და, ცხადია, დიეგო თანამედროვე ვარსკვლავებს ვერ შეეხებოდა.

 

ჩემი სიმბოლური ნაკრები

რომ მთხოვონ სიმბოლური ნაკრების შედგენა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც 1979-97 წლებში შევხვედრივარ, ცოტა ეშმაკობას მივმართავდი, მითუმეტეს, რომ არავისთან არანაირი ვალდებულება არ მაკავშირებს. მაშ ასე, ჩემს ნაკრებში აუცილებლად ითამაშებდა ხუთი არგენტინელი: ფილოლი, პასარელა, კემპესი, კანიჯა და… მე. ვამბობ ხუთს, რადგან არასამართლიანი იქნებოდა გვერდი ამევლო იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც სხვებთან ერთად იმსახურებენ ჩემს აღიარებას. ამ ნაკრებში ადგილი მოეძებნებათ როგორც კეთილ მეგობრებს, ასევე ბოროტ მონსტრებსაც.

თუმცა, ამ ხუთეულს სიამოვნებით დავუმატებდი ხუან სიმონს, რომელიც იუნიორთა 1978 წლის მუნდიალზე სასწაულებს ჩადიოდა; ფენომენალურ ტარანტინის თავისი გამძლეობითა და თავდაჭერილობით; ვალდანოს, რომელიც ჭკვიანი და ინტელიგენტი იყო როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ; რუჯერის, ვინც ჯერ კიდევ იუნიორთა ასაკიდან მხოლოდ წინ იყურებოდა; ბურუჩაგას, რადგან მასზე კარგად ჩემი არავის ესმოდა. ამ სიაში ბატისტასაც შევიყვანდი, რომელსაც ბურთის ასართმევად სირბილი არ სჭირდებოდა; ენრიკეს, ვინც დაიწყო ის შეტევა, რომელიც მე ულამაზესი გოლით დავასრულე 1986 წელს ინგლისის ნაკრების კარში; ოლარტიკოეჩეას, რადგან ის ყველა მატჩზე ისეთი განწყობით გადიოდა, თითქოს ეს მისი კარიერის უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო. ჩემთან ითამაშებდნენ ბარბასი, პასკული, ჯუსტი, გალიეგო, დიასი და რა თქმა უნდა, ბოჩინი – ჩემი ახალგაზრდობის კუმირი.

რა თქმა უნდა, არ მავიწყდებიან მეგობრები, თუმცა, ზოგიერთი მათგანის სახელები ფეხბურთის მოყვარულებს ბევრს არაფერს ეუბნება. ისინი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავენ, ვიდრე მხოლოდ ფეხბურთელები: „ნეგრო“, „კარისო“, „ტაბიტა“ გარსია, გუასო დომენეჩი.

 

საუკეთესო დი სტეფანოა

ადამიანი, რომელშიც ამ ფეხბურთელთა საუკეთესო თვისებებია შერწყმული, ალფრედო დი სტეფანო გახლავთ. მიუხედავად ჩვენს შორის ასაკში სხვაობისა, ბევრ რამეზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს და ერთმანეთს თითქმის უსიტყვოდ ვუგებთ. არგენტინაში ბევრი რამ გამეგონა დი სტეფანოზე, მაგრამ არ მესმოდა რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ის მსოფლიო ფეხბურთში.

მისი ნიჭის ნამდვილი მასშტაბები ესპანეთში შევიცანი, როცა „ბარსელონაში“ ვთამაშობდი. იქ შევიტყვე, რომ ის არგენტინული ფეხბურთის ელჩი ყოფილა, ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. იტალიაში ბევრს ბჭობდნენ ხოლმე იმაზე, ვინ იყო საუკეთესო: მე თუ პელე. ესპანეთში მსგავსი საკითხი არასდროს წამოჭრილა. ამ შემთხვევაში სრულიად ვეთანხმები ესპანელებს.

1988 წელს ალფრედოს ვკითხე, რით განვსხვავდებით ერთმანეთისგან? მაესტრომ მიპასუხა: დიეგო, ტექნიკურად, ერთი ერთზე აშკარად მჯობიხარ. არ შემეძლო ისეთი მოძრაობებისა და ფინტების კეთება, რასაც შენ ფეხებით, ტანით და თავით აკეთებ. მოქნილობა მაკლდა, სამაგიეროდ, მოედნის მთელ სიგანეზე და სიგრძეზე ვთამაშობდი. შენც მიაღწევ იგივეს, თუ ბევრს ივარჯიშებ. დი სტეფანო ჩემს გვერდით იყო, როცა „ფრანს ფუტბოლმა“ პრემია გადმომცა – ძვირფასი ქვებით მორთული ბურთი. პრიზი ალფრედომაც მიიღო – როგორც ყველა დროის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი. მახსოვს, 1969-70 წლების სეზონში, როცა ის „ბოკაში“ მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით თამაშზე ვოცნებობდი და მამამ 10 წლის ასაკში ბავშვების გუნდში მიმიყვანა.

საუკეთესონი

და ბოლოს, იმისთვის, რომ შევკრიბო გუნდი იმ მოთამაშეებისგან, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემ მეხსიერებაში, უნდა გავერკვიო, რომელმა მათგანმა აღმაფრთოვანა და რომელმა გამიცრუა იმედები. მე კი უფრო მარტივი გზით წავალ და ჩამოვთვლი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც საერთო მასიდან გამოირჩეოდნენ. თანაც მოკლედ დავახასიათებ მათ. ხოლო ვინც ამ სიაში ვერ მოხვდა, ისინი სხვა წიგნისთვის გამომადგებიან, რომელსაც, როცა იქნება აუცილებლად დავწერ.

  1. პელე. როგორც მოთამაშე საუკეთესო იყო, მაგრამ ვერ გამოიყენა თავისი ნიჭი იმისთვის, რომ ფეხბურთი მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში აემაღლებინა. ის პოლიტიკოსივით ფიქრობდა, თვლიდა, რომ შეეძლო ბრაზილიელების პრეზიდენტი გამხდარიყო. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტობაზე კი არა, იმაზე უნდა ფიქრობდეს, რაც ყველაზე კარგად იცის. უფრო მომეწონებოდა, თუ ის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას დააარსებდა, რომელიც მაგალითად, გარინჩაზე იზრუნებდა და მას სიღატაკეში სიკვდილის საშუალებას არ მისცემდა.
  2. რობერტო რიველინო. ყოველთვის ერთ-ერთი უდიდეს ფეხბურთელად მიმაჩნდა და ეს ბევრს უკვირდა. ის მოედანზე ერთდროულად ძალიან ელეგენტური და ამასთან, მეამბოხე იყო. ძნელია იმის წარმოდგენა, რასაც რიველინოზე მიყვებოდნენ. შემიყვარდა ეს ფეხბურთელი და როცა პირადად გავიცანი, მოხიბლული დავრჩი.
  3. იოჰან კრუიფი. ცოცხლად მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ მაშინვე ფანტასტიკურ ფეხბურთელად აღვიქვი. ყველაზე სწრაფად დარბოდა და ფიქრობდა, სწორედ ამაში იყო მისი უპირატესობა. ის შესანიშნავად ხედავდა მოედანს.
  4. ანხელ რამოს როხასი. ვილია ფიორიტოში არის ადგილი, სადაც კედელზე მისი მემორიალური დაფა კიდია. ჩემს ოჯახში ყველანი „ბოკას“ ვგულშემატკივრობდით, მე კი ბოჩინის ფანი გავხდი, რომელიც „ინდეპენდიენტეში“ თამაშობდა. და მაინც, ჩემი პირველი კუმირი მაინც როხასი იყო.
  5. ფილოლი. უბრალოდ საუკეთესო მეკარე მათ შორის, ვინც ცხოვრებაში მინახავს.
  6. დანიელ პასარელა. საუკეთესო მცველი იმათგან, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ყველაზე კარგად თამაშობდა თავით – როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის საჯარიმოში. დღეს არგენტინული ფეხბურთი სწორედ ასეთი მოთამაშეების დეფიციტს განიცდის. ის, რაც ჩვენს შორის მოედნის მიღმა ხდებოდა, არავითარ შემთხვევაში არ იქონიებს გავლენას ჩემგან მისი შეფასების დროს.
  7. მარიო კემპესი. აღფრთოვანებაში მოვყავდი როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს. მადლობა უნდა გადავუხადოთ მენოტის 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მაგრამ არა იმისთვის, თუ როგორ მოექცა ის კემპესს. მარიო, რომელიც გუნდის სული და გული იყო, უკეთეს ხვედრს იმსახურებდა.
  8. რენე ჰაუსმანი. ბრწყინვალე დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი. სიამაყის გრძნობით ვივსები, როცა მასზე ვყვები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე და ის ერთი რაიონიდან ვართ. ბავშვობაში მზად ვიყავი ბილეთი მხოლოდ იმის გამო მეყიდა, რომ რენეს გენიალური თამაშით დავმტკბარიყავი.
  9. მიშელ პლატინი. უმაღლესი დონე, ნამდვილი ფენომენი. იტალიაში მან ყველაფერს მიაღწია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ფეხბურთს აღმაფრენის გარეშე თამაშობდა.
  10. ხრისტო სტოიჩკოვი. დიდი ფეხბურთელი და ლიდერი „ბარსელონაში“ თამაშის დროს გახდა, იქამდე უბრალოდ კარგი ბომბარდირი იყო. ყველაფერთან ერთად, ის კარგი პიროვნებაა.
  11. ანტონიო კაბრინი. აპენინებზე მას იტალიის ნომერ პირველ საქმროს ეძახდნენ, მაგრამ ჩემს სიაში იმის გამო მოხვდა, რომ ფეხბურთს კარგად თამაშობდა.
  12. ანტონიო კარეკა. ბრწყინვალე მოთამაშე და ერთგული მეგობარი. ასეთები ჩემს კარიერაში იშვიათად შემხვედრიან.
  13. ზიკო. მას მემკვიდრეობით ერგო პელეს 10-ნომრიანი მაისურა და ზიკომაც გაამართლა ეს ნდობა.
  14. ენცო ფრანჩესკოლი. მას არ სჭირდებოდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იმისთვის, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შესულიყო. ის ჩემს მეგობრად მიმაჩნია.
  15. ხოსე ლუის ჩილავერტი. უდიდესი მეკარე იყო, მაგრამ… მე არ ვწყალობ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ერთს ამბობენ და მეორე დღეს, მეორეს აკეთებენ. ჩილავერტი, როგორც ადამიანი არ მომწონს, თორემ შესანიშნავი მეკარეა, რომელიც თავდამსხმელად იქცევა ხოლმე, როცა ჯარიმებისა და პენალტების შესრულების დრო დგება.
  16. რონალდო. ეს ბიჭი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას დიდების მატარებელმა გადაუარა. ის სარეკლამო კონტრაქტებმა გააფუჭა, ჯერ კიდევ საფრანგეთის მუნდიალამდე ჩაუბეჭდეს ტვინში, რომ მსოფლიო ჩემპიონი იყო. მისგან შეუძლებელს ითხოვდნენ და რონალდოს ბრალი სულაც არ არის ბრაზილიელთა ფიასკო 1998 წლის ფინალში.
  17. მარკო ვან ბასტენი. გოლების გასატანი მანქანა, რომელიც მაშინ გაფუჭდა, როცა მსოფლიოში პირველობის შანსები მაქსიმუმამდე იყო ასული.
  18. რომარიო. ამ ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ და ვთვლი, რომ იდეალურია შეტევების დასრულებისთვის. რას აღარ ჩადიოდა ის მეტოქის საჯარიმოში! ეჭვი არასოდეს მეპარებოდა მის შესაძლებლობებში და რომარიოსთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი ჩემს იდეალურ გუნდში.
  19. ედმუნდო. გიჟი, მაგრამ ფანტასტიკური ფეხბურთელი! არ ვეთანხმები ბატისტუტას, რომელმაც ედმუნდო იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის რიოს კარნავალზე გაქანდა: ეს პუნქტი მის კონტრაქტში იყო ჩაწერილი. ყველა ბრაზილიელი ასეთია, ამაში მე იტალიაში თამაშისას დავრწმუნდი: როცა კარნავალის დრო მოდიოდა, ყველანი ქრებოდნენ – ფალკაო, ტონინი სერეზო – ვრჩებოდით მხოლოდ ჩვენ, არგენტინელები!
  20. პაოლო მალდინი. კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი, რომელიც პროფესიის არჩევისას შეცდა: ასეთი ფიზიკური მონაცემებით ის მსახიობი უნდა გამხდარიყო და არა ფეხბურთელი.
  21. რუუდ გულიტი. ხარი… ის უფრო მოუხეშავი იყო, ვიდრე ტექნიკური, მაგრამ მისი ნაკლი შესანიშნავი ფიზიკური მომზადებით კომპენსირდებოდა.
  22. კრისტიან ვიერი. როგორ ბოშა, ერთი გუნდიდან მეორეში მოგზაურობდა და ამის წყალობით ჯიბეები ყოველთვის ფულით აქვს ჰქონდა.
  23. გაბრიელ ბატისტუტა. მადლობა ღმერთს, რომ ის არგენტინელია. ჩვენ არ შეგვიძლია იმის დაფასება, რაც გვაქვს. არგენტინაში მის დასაცავად რომ არ ამხედრებულიყვნენ, პასარელა მუნდიალზე არ წაიყვანდა.
  24. რობერტო ბაჯო. კარიერის დაწყებიდან ბოლომდე ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ითამაშა.
  25. პოლ გასკოინი. დაიწყო კარგად, დაასრულა ცუდად…
  26. გარი ლინეკერი. დიადი გოლეადორი. დაიმსახურა, რომ ხშირად მოიხსენიონ საფეხბურთო წრეებში.
  27. ზინედინ ზიდანი. მას მოედნის ფენომენალური ხედვა ჰქონდა. რაღაცით პლატინის მაგონებდა: მის ფეხბურთს ემოცია აკლია.
  28. ალესანდრო დელ პიერო. ზიდანისგან განსხვავებით, თამაშისგან სიამოვნებას იღებს, ამას გულით ვგრძნობ. და თუ დელ პიეროსა და ზიდანს შორის არჩევანის გაკეთება მომიხდა, იტალიელს ავირჩევ.
  29. მაიკლ ოუენი. 1998 წლის მუნდიალზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა: სისწრაფე, მოქნილობა, სიმამაცე…
  30. ლოთარ მათეუსი. საუკეთესო მეტოქე იმათგან, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მგონია, ეს სიტყვები საკმარისია მის დასახასიათებლად.
  31. ხორხე ვალდანო. ექსტრაორდინალური ფეხბურთელი. ყოველთვის მომწონდა და მომწონს მასთან საუბარი.
  32. რიკარდო ბოჩინი. ჩემი კუმირი იყო. ჭკუიდან ვიშლებოდი, მის თამაშს რომ ვუყურებდი. როცა მუნდიალზე ბელგიასთან სათამაშოდ გავედი, პირველ რიგში თვალებით ის მოვძებნე და პასი გავუკეთე. მახსოვს მაშინ რაც ვუთხარი: “შენთან კომბინირება იგივეა, რაც ღმერთთან კედელის გათამაშება”.
  33. კლაუდიო კანიჯა. ძმასავით მიყვარს. იქიდან მოყოლებული, როცა კანიჯა პირველად ვნახე, მასზე ზრუნვის სურვილი გამიჩნდა. თამაშისას ასე ვერავინ ცვლის რითმს. მან ჩემს გულში უამრავი ადამიანის ადგილი დაიკავა.
  34. ალემაო. როცა ბრაზილიელი „ნაპოლიში“ ჩავიდა, მაშინვე გამოამჟავნა თავისი ნამდვილი შესაძლებლობები. ერთი სიტყვით, ის მოთამაშეა.
  35. მიკაელ ლაუდრუპი. ერთ-ერთი იმათგანი, ვისი თამაშითაც 1986 წლის მუნდიალზე მოვიხიბლე. თამაშობდა ერთი შეხებით და ამას ძალიან იოლად აკეთებდა.
  36. უგო სანჩესი. შეუდარებელი იყო მეტოქის საჯარიმოში. მაგრამ არ მომწონდა მისი სალტოები გოლის შემდეგ. ძალიან ხელოვნურად გამოსდიოდა.
  37. ემილიო ბუტრაგენიო. მინდოდა მის გვერდით თამაში. ვალდანოსთან მისი დუეტი ნებისმიერ დაცვას უმკლავდებოდა.
  38. პაოლო როსი. კონტრშეტევის არტისტი. ამ იტალიელმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზეიმად აქცია. როსიზე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის „ნაპოლისთვის“ არ გამოდგებოდა: ზედმეტად დახვეწილი იყო.
  39. ოსკარ რუჯერი. გამარჯვებული. თავიდანვე წინ დაიწყო სიარული და ხელი ვერაფერმა შეუშალა.
  40. სერხიო გოიკოეჩეა. გამაოგნებელი ტიპი. იტალიის მუნდიალზე ყველანი გადაგვარჩინა. არგენტინა მას არასოდეს დაივიწყებს.
  41. რენე იგიტა. შეშლილი და არანორმალური, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველი პერსონაჟი. მან მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ მეკარეებსაც შეუძლიათ ჯარიმებისა და პენალტების შესრულება და გოლების გატანა. ამ პატენტს იგიტას ვერავინ წაართმევს.
  42. ხუან ვერონი. არგენტინაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. რამდენჯერმე თავი შეირცხვინა, როცა ჩემზე სულელური განცხადებები გააკეთა და ეს პრობლემა, ალბათ, ვერასოდეს მოგვარდება.
  43. – 44. ხავიერ სავიოლა, პაბლო აიმარი. ეს ორნი მაჯადოვებენ თავიანთი თამაშით. სამწუხაროა, რომ „რივერში“ ირიცხებოდნენ.
  1. ხუან რომან რიკელმე. ძალიან მომწონს და „ბოკაში“ 10-ნომრიანი მაისურის ღირსი ნამდვილად იყო. თავიდან გაუჭირდა, რადგან რიკელმეს თავისებური, განსაკუთრებული სტილი აქვს, მაგრამ შემდეგ ათამაშდა.
  2. ჯორჯ ბესტი. უდიდესი ფეხბურთელი, მაგრამ ჩემზე გაცილებით გიჟი და არანორმალური.
  3. ჩირო ფერარა. ერთხელ ვთქვი, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მცველია.
  4. ოსვალდო არდილესი. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელთან საუბარიც არ მომწყინდება. ყოველთვის გუნდზე უფრო მეტს ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ თავზე.
  5. დიეგო სიმეონე. როცა ნაკრებში ერთად ვთამაშობდით, ჩემსავით კვდებოდა გუნდის მაისურისთვის.
  6. დავორ შუკერი. როცა მის მოქმედებებს ვუყურებდი, ყოველთვის მეგონა, რომ იმაზე კარგად თამაშობდა, ვიდრე ამას სინამდვილეში აკეთებდა.