5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო და პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, პატიმრობის გადაწყვეტილება დანაშულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის საფუძველზე მიიღო.

ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ არსებობდა ყველა ის საფუძველი, რომლითაც დაკავებულებს უნდა შეფარდებოდათ პატიმრობა, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. პროკურორის თქმით, გირაო ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულთა სათანადო ქცევას.

ერთ-ერთმა ადვოკატმა სხდომა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დატოვა. ადვოკატებმა თითოეული ბრალდებულის მიმართ 2 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ მასალებში მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობა ვერ დგინდება.

დაკავებულ ირაკლი წიგნაძეს „ტვ პირველის“ ოპერატორზე, ხოლო ბრალდებულ უშანგი დათუნაშვილს „რუსთავის 2“-ის ოპერატორზე ძალადობაში ედება ბრალი.

ბრალდებულებს სასამართლოზე სიტყვით არ უსარგებლიათ. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.

5-6 ივლისს აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 27 პირია დაკავებული.