5-6 ივლისის საქმეზე სასამართლოში პირველი არხის ჟურნალისტები დაიკითხნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და მედიასაშუალებების სხვა წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ბრალდებულ პირთა სასამართლო პროცესი იმართება.
სხდომაზე ბრალდების მხარემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები – ანა ბროლაძე და ანა ფაცია დაკითხა.
სასამართლო პროცესზე ანა ბროლაძემ გაიხსენა, თუ როგორ შეესწრო ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტს.
ანა ფაციამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ადგილზე შეკრებილები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.
„პარლამენტთან ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მაყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა იქამდეც ისმოდა ჩემი ოპერატორისა და ჩემ მიმართ შეურაცხყოფა, ასევე, სხვა ტელევიზიების მიმართ. ეს ქალი სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა. მე ხმას არ ვიღებდი და ვეუბნებოდი, რომ მოვალეობას ვასრულებდი.
ქაშვეთის ეკლესიისა და ცისფერი გალერეის მხრიდან მოგვესმა ჩოჩქოლის ხმა და დავიძარით ამ მიმართულებით, უკან მოგვდევდა ეს ხალხი და ვიგრძენი ძლიერი ჩარტყმა. ასევე, ისროდნენ წყლით სავსე ბოთლებს, რაც მომხვდა. ამის შემდეგ, გაუსწორდნენ ჩემს ოპერატორს, გაიგდეს ფეხქვეშ. ვცდილობდი, მივხმარებოდი, მაგრამ იმხელა აგრესიული ტალღა მოდიოდა, რომ მივხვდი, ვეღარაფერში დავეხმარებოდი ილიას, ვცადე გაცლა და ამ დროს მოხდა მოპედის ეპიზოდი. ამანაც რომ გაიარა, ვცადე უკან მიბრუნება, რომ ილიას დავხმარებოდი. შემდეგ შემხვდა პიროვნება, რომელმაც მითხრა, თუ ამ ტერიტორიას არ დატოვებ, მოგკლავთო. მაგინებდნენ და ვერ შევძელი ილიას დახმარება. ილია თვალიაშვილს ურტყამდა არა ერთი ან ორი პირი, არამედ ათამდე ადამიანი. აქედან რამდენიმე განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ილია იცავდა თავს“, – განაცხადა ანა ფაციამ.
5-6 ივლისის საქმეს სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელ ეპიზოდზე დაზარალებულები არიან საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი და სააგენტო „ნიუსპოსტის“ ფოტოგრაფი.