47 წლის პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მედპერსონალს ადანაშაულებს
47 წლის პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მედპერსონალს ადანაშაულებს

47 წლის პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მედპერსონალს ადანაშაულებს.

გარდაცვლილი პაციენტის დის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში კენჭის გავლის შეტევით გუშინ შეიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია მხოლოდ 12 საათის შემდეგ ჩაუტარდა.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი „კოვიდ-19“-ზე გამოკვლეული იყო და ვირუსი არ ჰქონდა.

„ვითხოვთ ექიმების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას. მომიკლეს და. 12 საათის მანძილზე არ გააკეთეს ოპერაცია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო. ახლა კი გარდაცვლილსაც არ გვატანენ. „პისიარ“ ტესტის პასუხს ველოდებითო. არ ჰქონდა კოვიდი ჩემს დას, ამას ტესტის პასუხი ადასტურებს, რომელიც მანამდე გაკეთდა“, – განაცხადა გარდაცვლილის დამ, მანანა აფხაიძემ.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გოგა ხუციშვილი კი აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით და თირკმელების პრობლემებით.

„პაციენტი კლინიკაში შემოვიდა გადაუდებელი დეპარტამენტში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები და დადგინდა, რომ პაციენტს აქვს სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია და ანურია. ასევე ერთი თირკმელი არ ფუნქციონირებდა, ხოლო მეორე თირკმელში იყო კენჭი. პაციენტი გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გაეწია ყველა საჭირო დახმარება, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩვენი ინტერესია, შედგეს ექსპერტიზა და შესწავლილ იქნას პაციენტის ავადმყოფობის ისტორია“, – განაცხადა გოგა ხუციშვილმა.