44-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა
44-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატარეის (ასეულის) დონის გეგმიურ საველე სწავლებაში 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამი ბატარეა და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა. ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და სპეციალისტების შეფასება განხორციელდა, მეორე ფაზა კი, დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მესამე, დასკვნითი ფაზა სიტუაციური წვრთნით დასრულდა.

ბატალიონმა სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, ტაქტიკური გადაადგილება, საცეცხლე პოზიციის რაიონების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

წვრთნებს მეოთხე მექანიზებული ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.

წვრთნების მიზანს ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, საცეცხლე გათვლების, ცეცხლის მართვის ცენტრისა და სადაზვერვო ჯგუფების კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება და შერწყმა წარმოადგენდა. სწავლების პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა მართვისა და კონტროლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

დასკვნით ფაზას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.