43-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა
43-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეხუთე საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის C ასეულმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა.

საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ტარდება. „შამქორი 2022“ ეროვნული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორის“ ტაქტიკურ კომპონენტს წარმოადგენს და მოსამზადებელ სწავლებათა ციკლის ნაწილია.