40 წუთი პრიშტინას თავზე - ნაკრების თვითმფრინავი პრობლემის შემდეგ აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა #1TVSPORT
40 წუთი პრიშტინას თავზე - ნაკრების თვითმფრინავი პრობლემის შემდეგ აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები პრიშტინაში 11 ოქტომბერს ჩავიდა და კოსოვოსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრის მასპინძელ ქალაქში მოხვედრამდე ვილი სანიოლის გუნდს გაუთვალისწინებელი დაბრკოლება შეხვდა და დაგვიანებით დაშვება მოუხდა.

გავრცელებული ცნობით, ლაინერი პრიშტინას აეროპორტში დაშვებამდე ჰაერში დაგეგმილზე მეტ ხანს მოძრაობდა – საქართველოს ნაკრების დელეგაცია 40 წუთი კოსოვოს მთავარი ქალაქის აეროპორტში დაჯდომას ელოდა.

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმიდან პრიშტინაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, რომელსაც „ჯორჯიან ეირვეისი“ „ბოინგ 727“-ით ახორციელებდა. დაახლოებით 40 წუთის ბრუნვის შემდეგ, ლაინერი პრიშტინას საერთაშორისო აეროპორტში საბოლოოდ უსაფრთხოდ დაეშვა. შეფერხების მიზეზი პრიშტინაში არსებული ცუდი ამინდი გახდა.

40 წუთის განმავლობაში, თვითმფრინავი პრიშტინას თავზე ამის გამო დაფრინავდა და აეროპორტში ვერ ეშვებოდა. საქმე ისაა, რომ პრიშტინაში მთელი დღე წვიმდა და სხვათა შორის, ორივე გუნდმა თავსხმა წვიმაში ივარჯიშა. კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.