40 მატჩი ევროთასებზე - ლეგენდარული ქართველი მცველი ალექსანდრე ჩივაძე 67 წლისაა [ვიდეო] #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა – ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანს, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იყო.
ალექსანდრე ჩივაძე 1955 წლის 8 აპრილს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ქლუხორში დაიბადა. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში.
ალექსანდრე ჩივაძემ „დინამოს“ მაისურით უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 324 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ევროთასებზე „დინამოს“ ღირსება 40 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 19 შეხვედრა – თასების მფლობელთა თასის, 17 – უეფა-ს თასის, ხოლო 4 – ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.
საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1980-1987 წლებში თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 46 შეხვედრა ჩაატარა (26-ში კაპიტანი იყო) და 3 ბურთი გაიტანა. მურთაზ ხურცილავას შემდეგ, იგი ერთადერთი ქართველი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის ნაკრებს კაპიტნობდა. 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, აქედან, შვიდჯერ – პირველ ნომრად. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად. ალექსანდრე ჩივაძე 1993-96 და 2001-03 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.