40 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე ქონებრივი დეკლარაცია 29 346-მა მოქალაქემ შეავსო, 100 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე კი - 8 764-მა
40 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე ქონებრივი დეკლარაცია 29 346-მა მოქალაქემ შეავსო, 100 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე კი - 8 764-მა

შემოსავლების მიხედვით 2017 წელს ქონების გადასახადის დეკლარაცია 38 110 მოქალაქემ შეავსო. მონაცემები პირველმა არხმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.

2017 წელს შევსებული დეკლარაციებიდან დიდი ნაწილი 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე მიღებულ შემოსავალს შეეხება. კერძოდ, შესაბამისი დოკუმენტი 29 346-მა მოქალაქემ შეავსო, 100 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე კი – 8764-მა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში მოქალაქეთა შემოსავლები იზრდება. კერძოდ, 2016 წელს შემოსავლებზე დეკლარაცია 33 330-მა მოქალაქემ შეავსო, მათ შორის 40-დან 100 ათას ლარამდე შემოსავალზე – 25 819-მა, 100 ათას ლარზე მეტზე კი – 7 511-მა.

2015 წელს შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 28 055-ს შეადგენდა, მათ შორის 40-დან 100 ათას ლარამდე შემოსავალზე – 21 692-ს, 100 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე კი – 6363-ს.

2014 წელს შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 24 345-ს შეადგენდა, მათ შორის 40-დან 100 ათას ლარამდე შემოსავალზე – 18 808-ს, 100 ათას ლარზე მეტზე კი 5537-ს.

დეკლარაცია წინა წლის შემოსავლების მიხედვით ივსება. მხედველობაში მიიღება ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი.