4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი, რომლის დაკავების შესახებაც სუს-ში დღეს განაცხადეს, ბექა ჭულუხაძეა

22:26, 10.07.2026

4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი, რომლის დაკავების შესახებაც სუს-ში დღეს განაცხადეს, ბექა ჭულუხაძეა.

ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.

მას ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.

როგორც სუს-ში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, ძებნილი პირი  საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

ცნობისთვის, გასული წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.

გამოძიების მიხედვით, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. სუს-ის ინფორმაციით, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ.

დაკავებულს გასული წლის 6 ოქტომბერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

მსგავსი