4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთია ირაკლი შაიშმელაშვილი
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრადლებით ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს კიდევ 16 პირი დააკავეს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კი ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი, უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
„უცხოეთში მყოფ ორ პირს რაც შეეხება, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ირაკლი შაიშმელაშვილმა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო, ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ქვეყნის დატოვების შესახებ შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში 26 დეკემბერს დაწერა.