4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე 112-ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე 112-ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული შვიდი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. პოლიციამ გ.ხ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.