4.76 მილიონი და კიდევ ერთი წელი „ინდიანაში“ - ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს #1TVSPORT
4.76 მილიონი და კიდევ ერთი წელი „ინდიანაში“ - ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს #1TVSPORT

ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე 2022-23 წლების სეზონშიც „ინდიანაში“ ითამაშებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ხელშეკრულების პირობები, რომელიც გოგას „პეისერსთან“ აკავშირებს.

2019 წელს დრაფტზე აყვანის შემდეგ ქართველს ინდიანელებმა გაუფორმეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც „პეისერსში“ სამი წელი უნდა ეთამაშა, ხოლო მეოთხე სეზონში დარჩებოდა თუ არა, გუნდის გადასაწყვეტი იყო. „ინდიანას“ მოსაფიქრებლად დრო 2021 წლის 1 ნოემბრამდე ჰქონდა და გადაწყვიტა – 2022-23 წლების სეზონში ბითაძე „ინდიანას“ კუთვნილებაა.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსში“ გოგას კარგი წინახაზელების, მალის ტერნერისა და დომანტას საბონისის კონკურენცია უწევს, რის გამოც სათამაშო დრო მეტისმეტად მცირე აქვს. აქედან გამომდინარე, საკითხავია, ქართველი ცენტრის კარიერისთვის უკეთესი იყო თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ NBA-ში თამაში შეუძლია, საკმაოდ კარგადაც და ნაციონალურ ასოციაციაში არის არაერთი ისეთი გუნდი, სადაც ბითაძეს გაცილებით მეტი ნდობა ექნება.