„ფორბსი“ ბითაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს - გოგას შენარჩუნება ლოგიკური იქნება #1TVSPORT
„ფორბსი“ ბითაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს - გოგას შენარჩუნება ლოგიკური იქნება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი, გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსში“ მცირე სათამაშო დროს იღებს, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. ორშაბათამდე გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეინარჩუნებს თუ არა 22 წლის კალათბურთელს შემდეგი სეზონისათვის, რასაც Forbes-მა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

„მიუხედავად იმისა, რომ „ინდიანა პეისერსმა“ სეზონი დაიწყო, გუნდის მშენებლობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. სანამ 2021/22 წლების სეზონი დაიწყებოდა, გუნდიდან უკვე გაუშვეს რამდენიმე კალათბურთელი, ვეტერან მოთამაშეებს კი კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. მაგრამ „პეისერსს“ კიდევ ერთი რამ აქვს გასაკეთებელი, სანამ ყურადღებას ბოლომდე პარკეტზე გადაიტანს.

1 ნოემბერი არის ბოლო ვადა გუნდებისთვის, რომ გადაწყვიტონ თუ რა უყონ ისეთ მოთამაშეებს, რომლებსაც ახალბედის კონტრაქტები აქვთ. „პეისერსს“ კი ასეთი ერთი კალათბურთელი ჰყავს – გოგა ბითაძე, რომელიც NBA-ში მესამე სეზონს ატარებს. შემდეგი ორშაბათისთვის გუნდის მენეჯმენტმა უნდა მოიფიქროს, გაწყვიტოს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის 2022/23 წლების სეზონში 4.8 მილიონ დოლარს მიიღებს თუ შემდეგი სეზონისთვისაც შეინარჩუნოს გოგა. ამის გადაწყვეტა „პეისერსისმენეჯმენტისათვის კი საკმაოდ რთულია, რადგან არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

ბითაძე უნიკალურ სიტუაციაშია. მას შემდეგ რაც დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩიეს, ის სტაბილურად განვითარდა. თუმცა „პეისერსს“ კიდევ ჰყავს ორი 26 წელზე უმცროსი კალათბურთელი, რომელიც ცენტრის პოზიციაზე თამაშობს – მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი, შესაბამისად გოგასთვის რთულია სათამაშო დროის გამომუშავება, მიუხედავად მისი განვითარებისა. ბითაძე სათამაშო წუთების მიხედვით, მის სადრაფტო კლასში 33-ე ადგილზეა და შესაძლოა, უფრო უკან დაიხიოს თუ სამივე მოთამაშე გუნდში დარჩება.

„ცენტრის პოზიციაზე 4 კარგი მოთამაშე გვყავს და ყველანი ახალგაზრდები არიან. მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი, 25 წლისები არიან. აიზია 19 წლისაა, გოგა კი 22-ის. ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა შემადგენლობაში ასეთი სიღრმე და ვიცით, რომ ყველანი მზად არიან სათამაშოდ“, – განაცხადა „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ბოლო წინასასეზონო მატჩის შემდეგ.

შემადგენლობის სიღრმე კარგია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მათგანს ყოველ ღამე თამაში არ მოუწევს. ამან რეგულარული სეზონის პირველ ოთხ თამაშში ბითაძის სათამაშო დროზე უკვე იმოქმედა – დროის მეტი ნაწილი ტერნერმა და საბონისმა მიიღეს, მესამე თამაშში კი ჯექსონს მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მეოთხე შეხვედრაში ბითაძის პარკეტზე გამოსვლა მისი თანაგუნდელების ოთხმა ჯარიმამ გამოიწვია და ამ სეზონში გოგას ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა.

 

არცერთი ეს გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი ან მოულოდნელი. ტერნერი და საბონისი მაღალი დონის ტალანტები არიან, ჯექსონს კი უნიკალური უნარები აქვს, რაც მას ეფექტურს და სასარგებლოს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ყველა ჯანმრთელი იქნება, ბითაძეს ამ სეზონში კვლავ ცოტა დრო მიეცემა. ეს ცუდია მისი განვითარებისათვის და ართულებს მის წარმატებას, მაშინაც კი, როცა ის პარკეტზე გამოჰყავთ.

„რთულია, როცა არ იცი როდის უნდა შეხვიდე სათამაშოდ, მაგრამ ამ ყველაფერს პროფესიონალურად უნდა მიუდგე, ეს NBA-ია და როცა შანსს მიიღებ მზად უნდა იყო“, – განაცხადა 22 წლის კალთბურთელმა ბოლო წინასასეზონო მატჩის შემდეგ.

თუ ბითაძეს კვლავ მეორეხარისხოვანი როლი ექნება როტაციაში, მაშინ 4.8 მილიონი დოლარის გადახდა არასწორი არჩევანია.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ბითაძე სათადარიგო მოთამაშეზე უკეთესია და მას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, იმ ცენტრებთან შედარებით ვისაც გუნდში ასეთი როლი აქვთ. დაცვა არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა ცენტრი ბრწყინავს. მისი დაფარებების 8.7 პროცენტიანი მაჩვენებელი მეორე საუკეთესო შედეგი იყო NBA-ში 2020/21 წლების სეზონში, იმ კალათბურთელებს შორის, რომლებსაც 500 წუთზე მეტი აქვთ ნათამაშები, ბითაძის პარკეტზე ყოფნით კი „პეისერსმა“ მეტოქეების ფარქვეშიდან სროლის მაჩვენებელი გასულ სეზონში 58.23 პროცენტამდე შეამცირა, როცა გოგას სათადარიგოზე ყოფნის დროს, ეს მაჩვენებელი 61.98 პროცენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების მხრივ პრობლემა ჰქონდა და ხანდახან მოძრაობაში დაცვა უჭირდა, ბითაძე კარიერის დასაწყისში დაცვაში ფარქვეშ კარგად ირჯება და ეხმარება თანაგუნდელებს, მეტოქეების შეტევების შენელებაში.

„თუ მისი მოხსნების მაჩვენებელს გადავხედავთ, ის აღემატება ლიგის რამდენიმე საუკეთესო მოთამაშეს. ჩვენ ვაფასებთ ფარქვეშ დაცვას, შესაბამისად ის წელს დაგვჭირდება“, – განაცხადა „პეისერსის“ პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა ამ წლის დასაწყისში.

პრიტჩარდმა ასევე აღნიშნა, რომ ბითაძეს შეტევაში მუშაობა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ის კარგი მსროლელია პერიმეტრიდან, „ინდიანაში“ მას ამ მხრივ უჭირს – მან 124 ცდიდან მხოლოდ 23.4% გამოიყენა. მას საშუალო დისტანციიდან სროლაც უჭირს.

მაგრამ ბითაძეს შეტევაში კარგი თვისებებიც აქვს. მისი გამთამაშებლის და თამაშის წაკითხვის უნარი უპირატესობას აძლევს ასეთ ადრეულ ასაკში. მისი ნიჭი შეტევაში ამ სამი წლის განმავლობაში განვითარდა – ის გახდა კარგი მექულე და ასევე კარგად ტენის კალათში. შემცირებულმა სათამაშო დრომ გავლენა იქონია მის განვითარებაზე, მაგრამ გოგამ მაინც მოახერხა და დაგვანახა გარკვეული უნარები შეტევაში.

„მომწონს მისი თამაში დაცვაშიც და შეტევაშიც. მას მაღალი საკალათბურთო ინტელექტი და უნარები აქვს, ასევე მარტივად ისვრის სამქულიანებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ როცა მარტოა ყოველთვის ისროლოს“, – ისაუბრა რიკ კარლაილმა ბითაძის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ბითაძის დონე უფრო სათადარიგო ცენტრისთვისაა დამახასიათებელი, ის კვლავ ვითარდება და მომავალი წლისთვის შეიძლება გაცილებით უკეთესი იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დიდ ნაბიჯს წინ ვერ გადადგამს, შემადგენლობის სიღრმის წევრისთვის 4.8 მილიონი დოლარის გადახდა შესაძლოა, კარგიც იყოს. „პეისერსმა“ 2018/19 წლების სეზონში ეს უკვე გააკეთა კაილ ო’ქვინის შემთხვევაში. ასე, რომ ბითაძეს ეკუთვნის ეს ხელფასი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გაუმჯობესდება.

„პეისერსის“ სახელფასო ჭერი, შესაძლოა, გადამწვეტი ფაქტორი იყოს ბითაძის კონტრაქტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ზუსტად იგივე იყო ტიჯეი ლიფის შემთხვევაშიც, როცა „პეისერსმა“ მეოთხე წელს მისი კონტრაქტის შენარჩუნება გადაწყვიტა. გუნდმა ეს გადაწყვეტილება ინანა, მაგრამ პანდემიის შემდეგ სახელფასო ჭერი დაეცა და „პეისერსი“ იძულებული იყო ლიფი გუნდიდან გაეშვა. თუ არ გავითვალისწინებთ პანდემიას, „პეისერსმა“ შეცდომა დაუშვა. ამ შემთხვევაში კი მათ უფრო ეფექტურად დაგეგმვა მართებთ.

გუნდის გადაწყვეტილება სახელფასო ჭერზეა დამოკიდებული, შესაბამისად ფულადი ფაქტორი ყველაზე მეტადაა გასათვალისწინებელი და რადგანაც სახელფასო ჭერი ბითაძის შენარჩუნების გარეშეც ლიმიტს გადასცდა, არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს „პეისერსი“ და მისი შენარჩუნება ლოგიკური იქნება.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ბითაძეს ჯერჯერობით არ აქვს შეტევითი უნარები და გარკვეული სათამაშო როლი, არსებობს უამრავი მიზეზი რატომაც „პეისერსმა“ ის უნდა შეინარჩუნოს. უმეტესობა გუნდებმა დებიუტანტების კონტრაქტებზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, მაგრამ „ინდიანა“ ისევ ფიქრობს.

„ყველაფერი დასამტკიცებელი მაქვს. ჯერჯერობით ახალგაზრდა ვარ. ჩემს პოზიციაზე ორი დიდებული მოთამაშე გვყავს, წელს ნამდვილად მმართებს გაუმჯობესება“, – აღნიშნა ბითაძემ თვის დასაწყისში.

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, გასათვალისწინებელია იმ ორი კალათბურთელის ფაქტორი, რომლებიც გოგამ ახსენა. ტერნერი და საბონისი წლებია გუნდელები არიან და ამ დროის განმავლობაში ხშირად ჩნდებოდა კითხვა რამდენად კარგად ეწყობიან ისინი.

თუ პრიტჩარდი და გუნდის მენეჯმენტი გადაწყვეტს გაცვალოს ტერნერი ან საბონისი, ბითაძის როლი გაცილებით უფრო გაიზრდება და 4.8 მილიონი დოლარის გადახდა შემდეგ სეზონში ლოგიკური იქნება.

ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც განსაზღვრავს ბითაძის მომავალს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზეც კი მისი შენარჩუნების დადებითი მხარე უფრო მეტი არსებობს, ვიდრე უარყოფითი. ახალგაზრდა ცენტრს განვითარება სჭირდება, მაგრამ თუ ეს მოახერხა და გუნდში სტაბილური როლი ექნება, მაშინ ის „პეისერსს“ წინსვლაში დაეხმარება.“

გოგა ბითაძემ ამ რეგულარულ სეზონში „პეისერსის“ ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ მან 7 ქულა და 9 მოხსნა (7 შეტევაში) დააგროვა. შემდეგ შეხვედრას რიკ კარლაილის გუნდი ხვალ, 28 ოქტომბერს „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს.