ნინო ბურჯანაძე - ყოველთვის გულდაწყვეტილი ვამბობ, ვერ გამოვხატეთ ის დიდი პატივისცემა, რასაც იმსახურებდნენ ომის ვეტერანები
ნინო ბურჯანაძე - ყოველთვის გულდაწყვეტილი ვამბობ, ვერ გამოვხატეთ ის დიდი პატივისცემა, რასაც იმსახურებდნენ ომის ვეტერანები

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს დღევანდელ დღეს ულოცავს. ბურჯანაძის თქმით, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების თავგანწირვა, რომლებმაც თავი გაწირეს.

„ძალიან გამიხარდა, რომ დღეს აქ დავინახე ადამიანები ომის მონაწილეების ფოტოებით – ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც უკვდავი აქციაა და ყველას უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები და მადლობელი ვიყოთ მათი.

რაც შეეხება იმას, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, ყოველთვის გულდაწყვეტილი ვამბობდი, რომ მაინც ვერ გამოვხატეთ ის დიდი პატივისცემა, რასაც იმსახურებდნენ ეს ადამიანები. მათ ვერ მიიღეს სახელმწიფოსგან ის ყურადღება, პატივისცემა, სითბო, რასაც იმსახურებდნენ და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ისინი მოესწრნენ იმ დღეს, როდესაც ეს ძალიან დიდი დღესასწაული ზოგიერთმა უგუნურმა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა ეს ამ დიდ დღეს ჩრდილს ნამდვილად ვერ მიაყენებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.