38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს
38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს

38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს.

არასამთავრობოების წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადება მთავრობის კანცელარიაში მიიტანეს.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისათვის, თუ ეს ინიციატივა პრაქტიკაში განხორციელდება. ეს არის საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც არის სრულიად აპოლიტიკური. პოლიტიკური პარტიების მიკერძოება და მსგავსი რაღაც გამორიცხულია. წესდებაშიც გვაქვს მითითებული, რომ თუ ვინმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იქნება, ის ავტომატურად გაირიცხება საბჭოდან.

ეს არის ახალგაზრდების გამოსვლა ასპარეზზე, რაც ემსახურება ნიჰილიზმის აღმოფხვრას. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებზეც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ფოკუსი“, – აცხადებს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, აშშ-ისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის საერთაშორისო კოორდინატორი გიორგი მორგოშია.

მისივე განმარტებით, მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველო მესამე ქვეყანა იქნება, ვისაც მსგავსი საბჭო ეყოლება. როგორც მორგოშია აცხადებს, საბჭოს ანალოგი კანადასა და ბრიტანეთში არსებობს.

საბჭოში შერჩეული ახალგაზრდები თავისი პროფესიული კომპეტენციებიდან გამომდინარე იმუშავებენ.