360 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცა
360 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცა

ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ გადასცეს.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა.

„დამატებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი ხუთი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ“, – აცხადებენ დევნილთა სააგენტოში.

მათივე ცნობით, ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ, დაიხურება.

„დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.