34 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კომპანიები საქართველოში ჩამოუსვლელად დაარეგისტრირონ და საბანკო ანგარიშები გახსნან
34 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კომპანიები საქართველოში ჩამოუსვლელად დაარეგისტრირონ და საბანკო ანგარიშები გახსნან

საქართველოში ინერგება ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს, საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს ოფიციალურად ვაცხადებთ ინიციატივის შესახებ, რომელიც რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებაა. არ მინდა, შეფასება მაღალფარდოვანი სიტყვებით გავაკეთო, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა შემოგვაქვს, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს, საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ. საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით ისარგებლონ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნებიდან ფაქტობრივად ყველა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოა.

„ეს 34 ქვეყანა გახლავთ. ეს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რათა საქართველო ფინანსური ცენტრი გახდეს. შესაბამისად ყველა უწყებას დავალება მიეცემა და პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნება. ჩვენი მიზანია, მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უკვე ეს სერვისი არსებობდეს. დღეს ჩვენ ამავე დროს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც ამ მართლაც ისტორიულ ინიციატივაზე კიდევ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.