დონალდ ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის მრჩეველი ლიუის ლიბი შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის უახლოესი მრჩეველი ლიუის ლიბი შეიწყალა, რომელიც ასევე სკუტერ ლიბის სახელითაა ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ლიბის უსამართლოდ მოექცნენ.
„მე არ ვიცნობ ბატონ ლიბის, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში მესმოდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. ვიმედოვნებ, რომ სრული შეწყალება დაეხმარება მას რეაბილიტაციაში მისი ცხოვრების ამ ძალიან სამწუხარო ფურცლის შემდეგ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ლიუის ლიბი 2007 წელს ცრუ ჩვენებებისთვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის გაასამართლეს. ლიბის მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტის ვალერი პლეიმის ვინაობისა და ნამდვილი სამუშაო ადგილის გასაჯაროებაში. თავის დროზე, ჯორჯ ბუშმა ლიბის 30-თვიანი პატიმრობის ვადა გააუქმა, თუმცა მის სრულ შეწყალებაზე უარი თქვა.
„პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბატონი ლიბის გასამართლებიდან მალევე მისი პატიმრობის ვადა შეამცირა. ამის მიუხედავად, ბატონმა ლიბიმ 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა, შეასრულა 400 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო და კიდევ ორი წელი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. თუმცა 2015 წელს ლიბის წინააღმდეგ ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ უკან გაიხმო თავისი ჩვენებები“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ ლიბის ადვოკატის სტატუსი აღუდგინა.
თავის მხრივ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტი ვალერი პლეიმი, რომლის ვინაობის გასაჯაროებისთვის ლიბი გასამართლდა, უკმაყოფილებას გამოთქვამს ტრამპის გადაწყვეტილების გამო. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიწყალა ადამიანი, რომელმაც აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
სპეციალური პროკურორი პატრიკ ფიცჯერალდი, რომლის ხელმძღვანელობითაც თავის დროზე ლიბის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდა, ამ თანამდებობაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ჯეიმს კომის დანიშნული იყო. ჯეიმს კომი მაშინ გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. FBI-ს პოსტიდან დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომი 2017 წლის მაისში გაათავისუფლა.