ილია მეორე - მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს
ილია მეორე - მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს

მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

„ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.

რა სიხარულია ეს?

ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და  ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.

სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.

სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა  ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.

იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად;  პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, –  სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)

მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, – ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, – ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.

ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, – ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად  ღმერთმა მოგვცა.

“სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;

არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.

ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად  კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.