31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 20 პრობლემური უბნის გადათვლას ხვალ დაასრულებს
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 20 პრობლემური უბნის გადათვლას ხვალ დაასრულებს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 პრობლემური უბნის გადათვლა დღეს დაიწყო და ხვალ დაასრულებს.

პროფესიული ნიშნით შერჩეულმა 12-მა მთვლელმა დღეს თბილისის 10 საარჩევნო უბნის შედეგები, ორ ოთახში პარალელურ რეჟიმში პირდაპირ ეთერში გადაითვალა. პროცესს მონიტორინგს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უწევდნენ.

დალუქული ბიულეტენები, ოქმები და სიები პარლამენტმა დღეს დილით ცესკო-დან მიიღო. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყველაზე პრობლემური 38 საარჩევნო უბნიდან 20 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორშაბათს შეარჩია. 20 უბნიდან 10 თბილისში, 10 კი ოთხ რეგიონშია. ეს ის საარჩევნო უბნებია, სადაც ყველაზე მეტი დისბალანსი დაფიქსირდა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბევრი საჩივარი დაიწერა. ბიულეტენებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ლოტოტრონის პრინციპით არჩეული 12 მთვლელი პირდაპირ ეთერში ითვლის.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა თუ არა ამ კითხვას პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პასუხი ორ კვირაში უნდა გასცეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული კომისიის უფლებამოსილების ვადა 17 ივნისის შემდეგაც გახანგრძლივდეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს პროცესი მაქსიმალური საჯაროობით და ღიაობით წარიმართა.

„დღესვე საღამოს მოხდება იმ ოქმების ატვირთვა, რომელიც 10-ვე უბანთან დაკავშირებულ გადათვლის მონაცემებს უზრუნველყოფს. გადათვლის პროცესს ხვალ გავაგრძელებთ. დაგეგმილი გვაქვს შემდეგი 10 უბნის გადათვლა. თითო ჯგუფზე 5-5 უბნის. ეს უბნები ოთხი რეგიონიდანაა. ბათუმის სამი, ქუთაისის სამი, გურჯაანის ორი და მარნეულის ორი უბანი. ხვალ ამ უბნების გადათვლა მოხდება. ვნახოთ, პროცესი როგორ წარიმართება. თუ ხვალინდელი დღე საკმარისი არ იქნება, მაშინ ეს პროცესი ორშაბათს გაგრძელდება და დასრულდება. თუმცა დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ 10 უბნის გადათვლა ორი ჯგუფის მიერ ერთი დღის განმავლობაში რეალურად შესაძლებელია“, – განაცხადა მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი